25 სექტემბერს წიგნის "უკანასკნელი ღამე დედამიწაზე - ომი ქალის თვალით“ პრეზენტაცია გაიმართება.

კომიქსების კრებული შექმნილია ქართველი, უკრაინელი და სომეხი მწერალი ქალების უნიკალური მონათხრობის მიხედვით და ასახავს ქალების პერსპექტივიდან დანახულ ომს და მის შედეგებს. ქართულ გამოცემასთან ერთად, კრებული გამოიცა სომხურ და უკრაინულ ენებზე, პროექტში მონაწილე ქვეყნების გამომცემლობების მიერ. მომავალ წელს დაგეგმილია წიგნის თარგმნა და გამოცემა ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

მოთხრობები ეფუძნება ომის მსხვერპლებთან, დევნილებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ინტერვიუებს და წარმოგვიდგენს საომარ პერიოდში თუ მათი დასრულების შემდეგ ქალების გამოცდილებას, ასახავს ომის შედეგების გავლენას ქალებზე. წიგნი ქედს იხრის ომის წინა ხაზზე მდგომი ყველა ქალის წინაშე, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტების პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეები და მსხვერპლები არიან. (პროექტის ტრეილერი: https://www.facebook.com/share/v/17CZHvPpLe)

"ვიზუალური ისტორიები სომხეთიდან, საქართველოდან და უკრაინიდან“ ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტია და მისი მიზანია კომიქსების და გრაფიკული რომანების ჟანრის განვითარება პროექტში მონაწილე ქვეყნებში.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება 25 სექტემბერს, 18:00 საათზე კაფე „ანტენაში" (მისამართი: თბილისი, კაფე "ანტენა“ / კონსტიტუციის ქუჩა 13).