ჩემთვის იყო სიკვდილი ამ ვიდეოს ნახვა, ახლაც თუ რომელიმე მათგანი მიცქერს და უმნიშვნელო რამეც კი იცის ჩემი შვილის შესახებ და არ მეუბნება, არ ვიცი, როგორ ცხოვრობს, - ამის შესახებ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიდეოში არსებულ მომენტში გურამს ცუდად გახდომის ხმა აქვს.

"ჩემთვის იყო სიკვდილი ამ ვიდეოს ნახვა, ახლაც თუ რომელიმე მათგანი მიცქერს და უმნიშვნელო რამეც კი იცის ჩემი შვილის შესახებ და არ მეუბნება, არ ვიცი, როგორ ცხოვრობს. ამ მომენტში გურის აქვს ცუდად გახდომის ხმა, უკვე რომ ეტირება, ეგ მომენტია, არც ხუმრობს, არაფერი. რამდენჯერმე ჰქონია ეგ მომენტი, როცა უკვე უნდა ეტირა რაღაცაზე, აი, ის ხმა გამახსენდა გურის.

12 წლის მერე, მეც პირველად მოვისმინე წუხელ, მით უმეტეს, ყველა პატარა წვრილმანს ვაკვირდები, 2014 წლისას. რატომ დატოვეს? აი, ისეთი ხმა აქვს, თითქოს, ეხვეწება, ცუდად არის რა, მანდ ცემა და რამე არ არის, ხალხის ყურადღებას მიიქცევდა, თვითონ გურიკა ცუდადაა, ეტყობა ვეღარ მიდის და ეხვეწება, არ მიმატოვოთო, რომ იქ არ დარჩენილიყო. მოწმეები იტყუებიან, მაგათ დაბლა იქეიფეს და გამთენიისას წავიდნენ მაღლა. 

თვითონ ბავშვებმა თქვეს დაბლა დაჯდაო, მაგრამ ჩვენი მისვლის დროს ყველა იძახდა წავედით მაღლაო. მაღლა რაღატომ მივდიოდით. თუ ეს დაღლილ-დაქანცული ბავშვი, ავიდა ლომისაზე, ილოცეს იქ, ჩამოვიდა და კიდევ წავიდა. თუ ჩამოვიდა, ე.ი. დაბლა უნდა მეძება ბავშვი, რატომ მივყავდი ამ ბავშვებს მაღლა.

ფაქტია, რომ ერთი პირი აქვთ, იმიტომ რომ, ბავშვი, რომელიც ახლახან დამეკონტაქტა და მითხრა, რომ მე პირადად ქვაზე დამჯდარი არ დამინახავსო, იმ ბავშვმაც გადათქვა, ეს ყველაფერი დედისთვის არ მითქვამსო.

ახლა დაიკითხნენ, ერთი კვირის წინ, რადგან პროკურატურამ დამიბარა და პროკურატურისგან დაიკითხნენ.

12 წლის წინ ამ ბავშვებს ტელეფონები ხომ ეჭირათ, რომელიმეს ტელეფონი შემოწმებულია? - არა. ჩემ შვილს სურათში ტელეფონი უჭირავს, ამასობაში ტელეფონის სახლში აქვს გურიკას, ვისი ტელეფონი უჭირავს, არ იციან. გამომძიებელს არ შეეძლო ბავშვებისთვის ტელეფონები ჩამოერთმია და შეემოწმებინა გურიკა ვის სწერდა, რას ემესიჯებოდა, თუ არ წერდა, თვალები რატომ აქვს დახრილი. რატოა ასეთი ფოტო-მეთქი და მითხრეს, გურიკა ფოტოს არ იღებდა და ძალით გადავუღეთო. ეტყობა ფოტოს ძალითა გადაღებულს?", - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა.

17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა, საიდანაც უკვალოდ გაუჩინარდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სავარაუდოდ, 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდი გურამ დადიანიძე ამბობს - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები".