"გამარჯვება ჩვენია, ძალა სტუდენტებშია!“ - თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება.

დედაენის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ მსვლელობაში, რომელიც თსუ-ის ეზოდან დაიწყო, სტუდენტებთან ერთად აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებიც მონაწილეობენ.

"14 აპრილი დედაენის დაცვის დღეა. ოლიგარქის რეჟიმი ცდილობს წაგვართვას ქართული ენის ისეთი ცნებები, როგორებიცაა, ოცნება, იმედი, მშვიდობა, ღირსება, სამშობლო. 1978 წლის 14 აპრილს სტუდენტებისა და პროფესორების ერთობამ შეინარჩუნა ქართული ენა და მისი სახელმწიფო სტატუსი.

ამ წლის 14 აპრილს ვერთიანდებით რომ დავიბრუნოთ ქართული სიტყვების ნამდვილი მნიშვნელობები და ავამეტყველოთ ისინი სოლიდარობის, ერთიანობისა და გამარჯვებისათვის. ვერთიანდებით იმ მშვიდობისთვის, რომელიც სამართლიანობას დაეფუძნება! ვერთიანდებით რეჟიმის ტყვეებისთვის! ვერთიანდებით თავისუფალი არჩევნებისა და ხმის უფლებისთვის! ვერთიანდებით სამშობლოს გამარჯვებისთვის!" - აცხადებენ სტუდენტები.

საპროტესტო მსვლელობა რუსთაველზე, პარლამენტთან დასრულდება, სადაც 138 დღეა, აქცია ყოველ საღამოს იმართება.