საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული.

ომბუდსმენი მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.

"საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნეს ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი გახარიას და ზვიად ქორიძეს ბათუმში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში ცხვირის ძვლის მოტეხილობით და ტვინის შერყევით გადაიყვანეს. მან კლინიკა თავისი ნებით დატოვა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.