ამ დროისთვის ნინო დათაშვილს დაუყოვნებლივ სჭირდება ორი ოპერაცია იმისთვის, რომ მან შეძლოს გადაადგილება თავისუფლად, - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტის და პედაგოგის ნინო დათაშვილის ადვოკატმა თამარ გაბოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ძლიერი ტკივილების მქონე ადამიანის ციხეში ყოფნა წამების ტოლფასია.

"ნინო დათაშვილი, როგორც იცით, იმყოფება პატიმრობაში. მტკიცებულებებითაა დადასტურებული, რომ მასზე ძალადობენ მანდატურის თანამშრომლები და მაშინ, როდესაც ჩვენ ვუთითებდით, რომ ნინოს ხერხემლის ოპერაციიდან და მეორე ოპერაციის საჭიროებიდან გამომდინარე, დამძიმდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ციხე არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანები შეიძლება უკეთ გახდნენ. 

ამ დროისთვის ნინოს დაუყოვნებლივ სჭირდება ორი ოპერაცია იმისთვის, რომ მან შეძლოს გადაადგილება თავისუფლად, რადგან ამ დაავადებიდან გამომდინარე, მას უჭირს გადაადგილება, გამოცლილი აქვს ძალა, მუდმივი ტკივილები აქვს და ადამიანი ამყოფო მუდმივი ტკივილების ქვეშ საპატიმროში, ეს გათანაბრებულია წამებასთან და არასათანადო მოპყრობასთან", - განაცხადა თამარ გაბოძემ.

ნინო დათაშვილი 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო, 20 ივნისს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით აქვს ბრალი წარდგენილი, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული კი ჯარიმას, ან თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.