ჩვენთვის მიუღებელია იმ მოცემულობაში ცხოვრება, სადაც ადამიანები და განსაკუთრებით თანატოლები უკანონოდ რჩებიან პატიმრობაში, ხოლო ჩვენ უმოქმედოდ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ყოფა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნაწილის განცხადებაშია აღნიშნული, რომლებიც დაუმორჩილებლობას აცხადებენ.

"მსოფლიოს ისტორიის განმავლობაში ცვლილებებისკენ მიმავალ გზაზე სტუდენტების აქტივიზმი ყოველთვის მნიშვნელოვან კატალიზატორად გვევლინებოდა. ჩვენ უკეთესი მომავლისთვის სწავლის იდეით ჩავაბარეთ უნივერსიტეტში და არა იმ ჩამოშლილი სისტემის ნაწილად ჩამოყალიბებისთვის, რომელმაც დიდი ხანია ნიღაბი ჩამოიხსნა და რეალური სახე გვაჩვენა. 

ქვეყანაში რეჟიმის მიერ ასობით უკანონოდ დაკავებული და დაზარალებული ადამიანი გვყავს, მაგრამ არცერთი დასჯილი ძალოვნებიდან. პროპაგანდისტული მანქანა შეთქმულებათა თეორიების გავრცელებაში ძალ-ღონეს არ იშურებს და სხვადასხვა გზით უმძიმეს დანაშაულსაც კი უძებნის გამართლებას. ჩვენ თვალწინ ის ღირებულებათა სისტემა ირღვევა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტად მიგვაჩნია. 

ყველაფერი ეს და სხვა ბევრი რამ, მხოლოდ ერთზე მიუთითებს, არალეგიტიმური მთავრობის სახით საქართველოში რუსული რეჟიმის დამყარებას ცდილობენ. ამიტომ ვუერთდებით მთავარ მოთხოვნათაგან ერთ-ერთს და ვითხოვთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებს. 

ჩვენთვის მიუღებელია იმ მოცემულობაში ცხოვრება, სადაც ადამიანები და განსაკუთრებით თანატოლები უკანონოდ რჩებიან პატიმრობაში, ხოლო ჩვენ უმოქმედოდ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ყოფა და ვინაიდან ჩვენს ხელში დაუმორჩილებლობაა ის იარაღი, რომლითაც შეგვიძლია ამ უსამართლობის წინააღმდეგ გავილაშქროთ, ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიზიარებთ შემდეგ მოთხოვნას, გათავისუფლდნენ რეჟიმის უკანონო პატიმრები.

დღეიდან, ვიკავებთ სივრცეს, რომელიც ჩვენთვის განათლების წყარო და ფასეულობრივი მაგალითის მომცემი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში სამხატვრო აკადემიამ არარსებული ნეიტრალიტეტი აირჩია, ჩვენ კი დღეიდან ჩვენ ბრძოლას ამ კედლებიდან გავაგრძელებთ", - აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.