მე, "ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ, - ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს.

მისივე თქმით, ბრძოლის ეს ფორმა მისთვის  უკვე სიმბოლურია.

"მე, "ბათუმელი მედროშე" თემურ ქათამაძე პირველი აპრილიდან ახალ შიმშილობას ვაცხადებ და ვუძღვნი თურქეთის ეთნიკური ქართველების, "ჩვენებურების" "ბელად", ახმედ მელაშვილს. რა თქმა უნდა, ბრძოლის ეს ფორმა ჩემთვის უკვე სიმბოლურია, როგორც 9 ძმა ხერხეულიძე. ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას გიორგი ჩიკვაიძეს. ჩემგან განსაკუთრებული მოკითხვა "ავტოფაგიის ოსტატს", აფგან მუხთარლის. სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, დიდებულად, გამარჯვებამდე. ანწუხელიძე უკვდავია და მარადიულია. "არასდროს, არასდროს არ დანებდე!", - წერს თემურ ქათამაძე.

თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ, სამტრედიის იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე დააკავეს.

18 იანვარს სამტრედიის სასამართლომ  მას სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ის თბილისში, უცხოელთა დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარებს, ვიდრე მისი ქვეყნიდან გაძევება /არგაძევების საკითხი არ გადაწყდება.

მან 48 დღე იშიმშილა, შემდეგ კი კლინიკა "ვივამედში” გადაიყვანეს.