კახეთის სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარი ინციდენტის მონაწილე გიორგი ჭიღლაძე გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან წერილს ავრცელებს.

გიორგი ჭიღლაძე მოქალაქეებს გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, დაიცავს მის ღირსებას.

"ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას, რაც მიმდინარეობს საჯარო სივრცეში.

მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.

ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს. ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე", - წერს გიორგი ჭიღლაძე.

ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.

მომხდართან დაკავშირებით გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვს.