კორონავირუსით დაღუპული 20 წლის ფეხბურთელის ვახტანგ ჩარკვიანის ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ.

ვახტანგ ჩარკვიანის მამის თქმით, მან ჩაატარა დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მისი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნარკოტიკული  მედიკამენტების ზედოზირებით გარდაიცვალა.

გაიოზ ჩარკვიანი ითხოვს, რომ ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვისაც მისი შვილის მკვლელობაში რაიმე სახის დანაშაული აქვს.

“ექსპერტმა პირდაპირ, ცალსახად თქვა, ის რომ აღნიშნული პრეპარატები აღნიშნული დოზებით მიმაჩნია სასიკვდილოდ. კერძოდ, გამოიწვევს სასუნთქი გზების დათრგუნვას, კომას და ბიოლოგიურ სიკვდილს. თვითონ თეა ბეგიაშვილს თუ უნდა, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან, უნდა დაასახელოს.

ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვინც ჩემი შვილის მკვლელობაში მიიღო მონაწილეობა. არ გამოვრიცხავ ათი ადამიანიც იყოს, არ გამოვრიცხავ ოციც, მაგრამ პირველი სართულიდან მოყოლებული, ვინც ჩემი შვილი მიაგდო უპატრონოდ, არ აძლევდნენ არც საკვებს, არც წყალს, არც ერთი ექიმი არ შედიოდა გარკვეული საათების განმავლობაში... თვითონ ექიმების მიერ დაფიქსირებულია, თუ რა საათებში შედიოდნენ აღნიშნული ექიმები.  შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ არის 14 საათი, როდესაც არ შედიოდნენ პაციენტთან“, - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

პროკურატურამ რესპუბლიკური საავადმყოფოს უფროს ექთანს ბრალი წაუყენა. თეა ბეგიაშვილს საგამოძიებო უწყება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას და გამოყენებას ედავება.

ექთნის მიმართ წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ მან შეცდომა დოკუმენტების გაყალბების ნაწილში უნებლიეთ ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე დაუშვა.