25–26 დეკემბერს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2026 გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების თემაა „შერეკილები“. მისი შთაგონება რეზო გაბრიაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოებია, რომლის გმირებიც ფრენის იდეას მაშინაც არ თმობენ, როცა გარშემომყოფებს მისი განხორციელება შეუძლებლად მიაჩნიათ.

Spotlight-ის სპიკერები აუდიტორიას საკუთარი გამოცდილებიდან კონკრეტულ მაგალითებს გაუზიარებენ. ისინი ისაუბრებენ, როგორ გადადგეს პირველი ნაბიჯი, რომელმა გადაწყვეტილებებმა გაამართლა და რა შეცვალეს, როცა შედეგმა მოლოდინი არ გაამართლა.

"მოხარული ვართ, რომ Spotlight 2026-ის მხარდამჭერები ვართ. წლევანდელი თემა - „შერეკილები“  ძალიან ახლოსაა ჩვენს მთავარ გზავნილთან „არ გაჩერდე“. გამორჩეული წარმატება ხშირად იმით იწყება, რომ ვიღაც გაბედავს და სცდის იმას, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენებათ. სწორედ ასეთი ადამიანები არ ჩერდებიან პირველი დაბრკოლებისას და იდეებს რეალობად აქცევენ. გვიხარია, რომ Spotlight-ის სცენაზე ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ“, - ამბობს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

25 დეკემბერს მოწვეული სტუმრებისთვის განკუთვნილი პროგრამა „კაცებისა“ და დავით გოგიჩაიშვილის სესიებით დაიწყება და თეატრალურ ფორმატში გაგრძელდება. 26 დეკემბერს მთავარი სცენა სპიკერების გამოსვლებს დაეთმობა. 26 დეკემბრის ღონისძიების ბილეთების გაყიდვა 7 დეკემბერს დაიწყება.