აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ "ჯოჯოხეთური სანქციების" შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

"ლინდსი ო. გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების აქტი 2026“ სენატორებმა ხმათა უმრავლესობის - 68 ხმით, ცხრის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

დოკუმენტი, რომელსაც სახელი მისი ავტორის, გარდაცვლილი სენატორის ლინდსი გრემის პატივსაცემად ეწოდა, რუს მაღალჩინოსნებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს და ტრამპის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას ანიჭებს, ჩინეთს, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებს 100%-მდე ტარიფები დაუწესოს, თუკი ისინი განაგრძობენ რუსული ნავთობისა და გაზის მასშტაბურ შესყიდვას.

რუსეთთან დაკავშირებით, კანონპროექტი ითვალისწინებს პირველადი სანქციების შემოღებას პუტინის, მისი ახლო გარემოცვის, ბანკების, სახელმწიფო ენერგეტიკული პროექტებისა და "ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ, ასევე რუსეთიდან პირდაპირ იმპორტზე 500%-მდე ტარიფების დაწესებას.

კანონში ასევე შედის ირანზე დაწესებული სანქციების გაფართოება, რასაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოითხოვდა.

კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, სადაც მისი განხილვა შესაძლოა, უკვე მომავალ თვეს დაიწყოს.

ლინდსი გრემი, რომელიც კონგრესში უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა, 11 ივლისს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ ის და ტრამპი შეთანხმდნენ კანონპროექტის საბოლოოდ წინსვლაზე, რომელზეც გრემი წელზე მეტი მუშაობდა.