გამომძიებლებმა ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს განუცხადეს, რომ ცხედარს 14 დღის განმავლობაში არ გადასცემენ, - ამის შესახებ ნავალნის პრესმდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა.

"გამომძიებლებმა ადვოკატებსა და ალექსეის დედას უთხრეს, რომ ცხედარს არ გადასცემენ. მას კიდევ 14 დღის (!) განმავლობაში რაღაც "ქიმიური ექსპერტიზა" უნდა ჩაუტარონ", - წერს იარმიში.

პოლიტიკოსის მოკავშირე ივან ჟდანოვმა დღეს ასევე განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წინასწარი შემოწმების ვადა გახანგრძლივდა.

"ეს გამოვიარეთ ომსკში მოწამვლის შემდეგ. ისევ და ისევ ახანგრძლივებდნენ შემოწმების ვადას და უკან აღარაფერს აბრუნებდნენ. გასაგებია, რასაც აკეთებენ ახლა. ისინი თავიანთი დანაშაულის კვალს ასუფთავებენ", - წერს ჟდანოვი.

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის რუსულ ციხეში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გავრცელდა.

47 წლის ნავალნის სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. ოფიციალურ მიზეზად კი “უეცარი სიკვდილის სინდრომი” დასახელდა, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში ასეთი დიაგნოზი არ არსებობს.

მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას პირადად პუტინს აკისრებენ.