ისრაელმა და "ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

შეთანხმება ითვალისწინებს ბრძოლის შეჩერებას ღაზის სექტორში, ასევე ისრაელიდან გატაცებული მძევლების და პალესტინელი პატიმრების ეტაპობრივ გათავისუფლებას.

"ჰამასის" ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიმართეს ღაზას მცხოვრებლებს, დაელოდონ ოფიციალური ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას, სანამ შეეცდებიან თავიანთ მიტოვებულ სახლებში დაბრუნებას.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მძევლების შესახებ შეთანხმება დაადასტურა. "მალე გაათავისუფლებენ“, - დაწერა მან Truth Social-ზე.

შეერთებული შტატები, კატარი და ეგვიპტე, რომლებიც შუამავლობდნენ ისრაელსა და "ჰამასს" შორის მოლაპარაკებებში, ოფიციალურ განცხადებას მალე გააკეთებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის უშიშროების კაბინეტი ხვალ, 11:00 საათზე, მძევლების შეთანხმების დასამტკიცებლად შეიკრიბება.

ისრაელის მედიის ცნობით, პირველი ეტაპის განმავლობაში, რომელიც 42 დღეს გაგრძელდება, "ჰამასის" ტერორისტებმა უნდა გაათავისუფლონ ისრაელელი მძევლების ნაწილი - საუბარია 33 ადამიანზე: ბავშვები, ქალები, მოხუცები და ავადმყოფები.

თუ მძევლების გათავისუფლება მოხდება, მაშინ შეთანხმების ძალაში შესვლიდან მე-16 დღეს ისრაელი დაიწყებს მოლაპარაკებებს მეორე ფაზაზე - მამაკაცების გათავისუფლებაზე.

სანაცვლოდ, ისრაელი თანდათან გაიყვანს თავის ჯარს ღაზას სექტორის უმეტესი ნაწილიდან, მაგრამ შეინარჩუნებს კონტროლს ბუფერულ ზონაზე თავისი საზღვრების დასაცავად. ისრაელი ასევე გაათავისუფლებს ისრაელის ციხეებში მყოფ "ბოევიკებს".

როგორც BBC-ს "ჰამასის" წარმომადგენელმა განუცხადა, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს ათასი პატიმარი, მათ შორის დაახლოებით 190 იხდის 15 წელზე მეტ სასჯელს. Associated Press-ის ცნობით, 33 ისრაელელ მძევალს შორის ხუთი ქალი ჯარისკაცია და თითოეულის სანაცვლოდ 50 "ბოევიკს" გაათავისუფლებენ.

მესამე ეტაპი მოიცავს მძევლების ცხედრების დაბრუნებას, ასევე ღაზას მშენებლობის გეგმის და ახალი მმართველობის სტრუქტურის შექმნას.

იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის ნდობა არ არსებობს, შეთანხმება დაყოფილია ეტაპებად. ყოველი მომდევნო ნაბიჯი მკაცრად არის დაკავშირებული წინას შესრულებასთან.

The Times of Israel-ის ცნობით, "ჰამასს" შესაძლოა, ამჟამად 94 მძევალი ჰყავდეს, მაგრამ მათგან მინიმუმ 34 უკვე დაიღუპა. ეს არ არის პირველი ასეთი გაცვლა. 2023 წლის ნოემბერში მოხდა ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება და ჰამასმა გაათავისუფლა 105 მძევალი 150 მსჯავრდებული ტერორისტის, საწვავის და სხვა მარაგების სანაცვლოდ. კიდევ ოთხი გადაარჩინეს 2024 წლის ივნისში ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაციის დროს.

ისრაელის შეტევა ღაზას სექტორში იყო პასუხი "ჰამასის" ტერაქტზე 2023 წლის 7 ოქტომბერს. ისრაელის ოფიციალური მონაცემებით, 1200 ადამიანი მოკლეს და 250 მძევლად აიყვანეს.

ოპერაცია "რკინის ხმლები" ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ღაზაში სისხლის ღვრა დღემდე გრძელდება. ბოლო თვეების განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთ საზღვართან ბრძოლა განსაკუთრებით ინტენსიური იყო. ისრაელი ცდილობდა "ჰამასის" გადაჯგუფების თავიდან აცილებას.