სახელმწიფოს პირველი პირები ღია წერილებით არ ურთიერთობენ. პუტინი და კიმ ჩენ ინიც კი გარკვეულ პირად კონტაქტებს ამყარებენ, მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა. ერთადერთი სახელმწიფო მეთაურია ყაველაშვილი, რომელიც ღია წერილით ესაუბრება ტრამპს, ეს არის წარმოუდგენელი ნონსენსი, – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მიწერილ წერილს.

ხუხაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, ყაველაშვილს თავადაც ბოლომდე არ აქვს წაკითხული აღნიშნული ტექსტი.

"გასაგებია, რომ ეს არის პროპაგანდისტული რგოლის დაწერილი წერილი. ტექსტზე და შინაარსზე არაფერს ვამბობ, ეს არის შეურაცხმყოფელი ბოდვა. ამერიკასთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება.

წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობაა მსოფლიოში. ერთი მხრივ, ჩვენი ხელისუფლება დასავლეთისთვის აბსოლუტურად სტერილურია – კონტაქტები მინიმუმამდეა დაყვანილი. არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ ალტერნატიულ სამყაროსთანაც. მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანი ახერხებენ პარალელურად როგორც დასავლეთთან, ასევე სხვა ძალებთან ურთიერთობების დალაგებას. ჩვენი ხელისუფლება კი ვერც ერთთან ახერხებს ამას", – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დღეს საერთაშორისო ურთიერთობებში სუბიექტად აღარ აღიქმება.

"სამყარო ამბობს, რომ საქართველო აღარ არის სუბიექტი. ქვეყანა მხოლოდ ობიექტია, როგორც დახლზე დადებული პროდუქტი, რომელიც ან ვინმემ უნდა იყიდოს, ან პარტნიორებმა გაინაწილონ. ხელისუფლებას აქტიურობა უნდა, მაგრამ თამაშგარე არიან დარჩენილები. სერიოზულად არავინ აღიქვამს – მათ დამოუკიდებელ მოთამაშედ არ მიიჩნევენ. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლიანად კრემლიდან კონტროლდება და შესაბამისი დამოკიდებულებაც ჩამოყალიბებულია. ასე ფიქრობენ ჩინეთშიც და ირანშიც, რომ საქართველოზე რუსეთთან უნდა ისაუბრონ", – აცხადებს ხუხაშვილი.

ანალიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლების ყველა ნაბიჯი მხოლოდ შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი.

"ყველა წერილი თუ ქმედება, რასაც ხელისუფლების სახელით აკეთებენ, მიმართულია შიდა აუდიტორიაზე. შინაარსობრივად ისინი პრობლემების გადამწყვეტები არ არიან. ყველაფერი პროპაგანდისტულ ხაზზეა აწყობილი. "დიფ სთეითს" ებრძვიან, რომელიც რუსული შპარგალკით არის შექმნილი", - განაცხადა ხუხაშვილმა.