ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ვაჟი ადამი გროზნოში ავტოავარიაში მოყვა. ის მძიმე მდგომარეობაშია და სამედიცინო დახმარებისთვის მოსკოვში გადაჰყავთ, - ინფორმაციას Telegram-ზე ჩეჩნური ოპოზიციური არხი Niyso ავრცელებს.

არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გროზნოში რესპუბლიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით სერიოზული ავარია მოხდა და ქალაქი გადაკეტილია.

"ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო დაკეტილია. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის გულისთვის ხდება, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. მას რეანიმაცია უტარდება და მოსკოვში გადასაყვანად ამზადებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მისივე ცნობით, კადიროვის შვილის ავტოკოლონა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა, მთავარი ყურადღება ადამ კადიროვზეა გადატანილი, რომლის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა.