ევროკავშირმა შესაძლოა, უახლოეს პერიოდში შეზღუდოს იმ განვითარებადი ქვეყნების დაფინანსება, რომლებიც რუსეთსა და ირანთან თანამშრომლობენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.

კალასის თქმით, ევროკავშირმა უნდა შეიმუშაოს განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების განაწილების ახალი პოლიტიკა და „საკუთარი ინტერესებიც გაითვალისწინოს“.

„პარტნიორი თუ მხარს უჭერს რუსეთს ან ირანს, საჭიროა მოქნილობა, რათა ჩვენი თანამშრომლობა გადაიხედოს“, – განაცხადა კლასმა.

მისივე თქმით, საუბარი არ არის მხარდაჭერის სრულად შეწყვეტაზე.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული განცხადება გააკეთა ევროკავშირის ახალი საინვესტიციო სტრატეგიის, Global Gateway-ის მომზადების ფონზე, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამა განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგეტიკისა და ციფრული ტექნოლოგიების დაფინანსებას ითვალისწინებს. მანამდე საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში ევროკომისარმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ თანამედროვე პოლიტიკურ პირობებში ინვესტიციები „გავლენის ინსტრუმენტია“, ამიტომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა „სენტიმენტალური ვერ იქნება“. სიკელამ ასევე მხარი დაუჭირა უცხოური პროექტების დაფინანსების განაწილებისას ევროპული კომპანიებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.