ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა კასპიის ზღვის სამიტის შემდეგ დახურული შეხვედრა გამართეს.

როგორც „კომერსანტი“ წერს, შეხვედრა წინასწარ არ იყო გამოცხადებული და ის დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დრო რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა შეათანხმა. დსთ-ის გაფართოებული სამიტის დახურულ ნაწილში პუტინმა ცალ-ცალკე განიხილა საკითხები ნიკოლ ფაშინიანთან და ილჰამ ალიევთან.

„კომერსანტის“ ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს კასპიის სამიტში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მის დასრულებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან შესახვედრად დაელოდა.

მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა მელანია ჰარუთიუნიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა თურქმენეთში არ გამართულა.