კიევის ოლქში შუქის გათიშვასთან დაკავშირებული ვითარება, როცა მოსახლეობას ელექტროენერგია რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, დაუშვებელია. ამავდროულად, ანგარიშებში სრულიად განსხვავებული სურათია წარმოდგენილი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"დღეს მთავრობის წევრებთან მკაცრი საუბარი მქონდა. აბსოლუტურად დაუშვებელია ის ვითარება, რაც ბილა-ცერკვასა და ბროვარიში შეიქმნა, როდესაც ადამიანები რამდენიმე დღე უშუქოდ იყვნენ. ამავე დროს, ადგილებიდან წარმოდგენილი ანგარიშები სხვა ინფორმაციას იძლეოდა. პრობლემები უნდა მოგვარდეს და არა დაიმალოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მან მიიღო ანგარიშები კონოტოპსა და შოსტკაში არსებული ვითარების შესახებაც და დასძინა, რომ იმედი აქვს, ადგილობრივი მცხოვრებლები აუცილებელ დახმარებას მიიღებენ.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მადლიერია და ამაყობს ენერგეტიკოსებით, სარემონტო ბრიგადებით და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებით, რომლებიც ელექტრომომარაგებას ხშირად დაბომბვების ქვეშ აღადგენენ.

"მაგრამ როდესაც სადმე, ოლქებში კომუნალური სამსახურები, ცალკეული კომპანიები სათანადოდ არ მუშაობენ, ამაზე რეაგირება უნდა იყოს და თანაც ძალიან სწრაფი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.