კოლექტიური დასავლეთის რუსოფობიური ნაწილი რუსეთს ებრძვის, თუმცა ქვეყანა მაინც წინ მიიწევს და წარმატებებს აღწევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სახალხო ფრონტის“ ფორუმზე – „ყველაფერი გამარჯვებისთვის!“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ხშირად სვამენ კითხვას, როგორ ხდება, რომ ე.წ. კოლექტიური დასავლეთის მთელი რუსოფობიური, აგრესიული ნაწილი გვებრძვის, ჩვენ კი ვავითარებთ ეკონომიკას, ვაძლიერებთ ჩვენს ფინანსებს, ვაუმჯობესებთ შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სფეროში ახალ შედეგებს ვაღწევთ და წინ მივიწევთ. ჩვენი ბიჭები, ჩვენი მებრძოლები წინ მიიწევენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, მისივე თქმით, ეს შედეგები ნაწილობრივ განპირობებულია „სახალხო ფრონტის“ მუშაობით, რომელმაც ქვეყნის 20 მილიონზე მეტი მოქალაქე გააერთიანა.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები რუსეთში ნავთობის პროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეულ პრობლემებს ქმნის, თუმცა ვითარება თანდათან გამოსწორდება.

გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ყირიმის ნავთობპროდუქტებით მომარაგების ისეთი სისტემის შექმნაზე, „რომლამდე მიღწევაც მოწინააღმდეგეს ძალიან გაუჭირდება“.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ თავდასხმებს „სარკისებური, თუმცა რამდენჯერმე უფრო ძლიერი“ დარტყმებით უპასუხებს.

„ჩვენი პასუხი ყოველთვის სარკისებური იქნება. სადაც არ უნდა ეცადონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება, ჩვენ სარკისებურად ვუპასუხებთ, თუმცა რამდენჯერმე უფრო ძლიერი დარტყმებით“,- განაცხადა პუტინმა.