ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა უკვე შეამცირა რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა, დააწესა ახალი მოთხოვნები შენგენის ზონაში გადაადგილებაზე და ევროკავშირში რუსეთის მისიის თანამშრომელთა რაოდენობა 40-მდე შეზღუდა.

მისივე განცხადებით, ცალკეული ქვეყნები დამატებით ზომებსაც იღებენ. მაგალითად, კალასმა აღნიშნა, რომ უნგრეთმა ცოტა ხნის წინ 10 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

კალასის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ზომების მიღების შესაძლებლობა კვლავ არსებობს.

„შეგვიძლია, კიდევ უფრო გავამკაცროთ შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილებაზე კონტროლი. შეგვიძლია, ავკრძალოთ ვიზების გაცემა რუსეთის ყოფილი სამხედროებისთვის. ასევე, უნდა გადავხედოთ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პრაქტიკას. უნდა შევამციროთ იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ევროპულ ტერიტორიაზე თავდასხმებს ახორციელებენ. პუტინი კლასიკური მოძალადის მსგავსად მოქმედებს. მოსკოვის ჰიბრიდული თავდასხმები ჩვენი დაშინების, საზოგადოებების პარალიზებისა და მოქმედებისგან თავის შეკავებისკენ არის მიმართული. სწორედ ეს სურს პუტინს. ჩვენ არ უნდა მივცეთ შიშს ჩვენი გადაწყვეტილებების განსაზღვრის უფლება. ამ თავდასხმების მასშტაბს კონკრეტული მოქმედებებითა და თავდაჯერებით უნდა ვუპასუხოთ. ამას ევროპის უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეები მოითხოვენ“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 2022 წლიდან, რუსეთის მხრიდან ევროპაზე ჰიბრიდული თავდასხმები თანდათან იზრდება.

კალასის თქმით, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს და რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემთხვევაში მოსკოვზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდის.

"ერთი რამ ძალიან ნათელია – პუტინი არ გაჩერდება, თუ მას არ გააჩერებენ. ამიტომ, რადგან რუსეთი მზად არის უფრო დიდი რისკები აიღოს, ევროპამ მას უფრო დიდი ფასი უნდა გადაახდევინოს“, – განაცხადა კალასმა.