უნდა იყო ნამდვილი ნაძირალა და ცხოვრება გძულდეს, რომ წითელი პარასკევს, აღდგომის წინა დღეს, ჩვეულებრივ ქალაქზე ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

"რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ხარკოვში საგანგებო რეაგირების ოპერაციები კვლავ მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ფრთოსანი რაკეტები - "ისკანდერები". ერთ-ერთი რაკეტა ჰაერში საცხოვრებელი უბნის თავზე აფეთქდა; მეორე კი დასახლებული პუნქტის მახლობლად მდებარე სამრეწველო ობიექტს დაეცა. დარტყმის შედეგად, ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და ბევრი ადამიანი დაშავდა - 100-ზე მეტი. ყველა დახმარებას იღებს. ეს სრულიად განსხვავებული ადამიანები არიან - ზოგი ხანდაზმული, ზოგი ძალიან ახალგაზრდა. ისინი მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ქალაქში ცხოვრობდნენ და მხოლოდ ეს ხდის მათ რუსეთისა და მისი რაკეტების სამიზნედ.

უნდა იყო ნამდვილი ნაძირალა და ცხოვრება გძულდეს, რომ წითელი პარასკევს, აღდგომის წინა დღეს, ჩვეულებრივ ქალაქზე ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო. და როდესაც ჩვენ მივმართავთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში შეერთებულ შტატებს, "პატრიოტის“ სისტემებისა და რაკეტების მოწოდების თხოვნით, რომლებითაც შეგვიძლია თავი დავიცვათ ამ რუსული ბოროტებისგან - ფრთოსანი რაკეტებისა და ბალისტიკური საფრთხეებისგან - ჩვენ ვითხოვთ ისეთი სახის დაცვას, როგორსაც ყველა ერი იმსახურებს.

არასდროს არ უნდა იყოს სიტუაცია, როდესაც ერთი ერი მეორეზე მეტად იმსახურებს დახმარებას. გარდა ამისა, დახმარება ქრისტიანული საქციელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დახმარების რეალური შესაძლებლობა არსებობს. და არასდროს არ უნდა იყოს სიტუაცია, როდესაც ერთ ტერორისტს როგორმე შეუძლია თავი აარიდოს შედეგებს, მაშინაც კი, თუ ის სიცოცხლეს ისევე ანადგურებს, როგორც სხვები. რუსეთი, სულ მცირე, მკაცრ სანქციებს იმსახურებს ყველაფრისთვის, რასაც აკეთებს", - წერს ზელენსკი.

დღეს, 18 აპრილს, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები.