აღდგომის წინა დღეს, 19 აპრილს, უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის შედეგად რუსული ტყვეობიდან 277 უკრაინელი დამცველი გათავისუფლდა.

რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, უკრაინის ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურის და სასაზღვრო პატრულის ოფიცრები. ისინი იცავდნენ მარიუპოლს და დონეცკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებს.

სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში განმარტავენ, რომ დაბრუნებულთა უმრავლესობა 2000 წლის შემდეგ დაბადებული ახალგაზრდები არიან. სახლში დაბრუნდა 2022 წლის მაისიდან ტყვეობაში მყოფი ქალი ჯარისკაცი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, სულ 4552 ადამიანი - ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე - დაბრუნდა სახლში რუსული ტყვეობიდან.

"მადლობა ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა ჩვენი ხალხის ეს დაბრუნება. განსაკუთრებით მადლობელი ვარ არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობისთვის.

ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ტყვეობაში რჩება. ჩვენ ვეძებთ ყველას, ვინც შეიძლება იქ იყოს. ყველა სახლში უნდა დავაბრუნოთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.