უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის სამშვიდობო სამიტში მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა, აქტიურად იმუშაონ მშვიდობის ფორმულაზე, რათა მეორე სამიტზე უკვე დაფიქსირდეს რუსეთის დაწყებული ომის რეალური დასასრული.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინი უნდა გადავიდეს "ულტიმატუმის ენიდან მსოფლიო უმრავლესობის ენაზე, რომელსაც სურს სამართლიანი სამყარო“.

"ახლა აქ რუსეთი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი რომ იყოს დაინტერესებული მშვიდობით, ომი არ იქნებოდა. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება, მიღწეული იყოს ჭეშმარიტად ხანგრძლივი გზით. ჩვენთვის საფუძველია გაეროს წესდება. შემდეგ კი, როცა სამოქმედო გეგმა იარსებებს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ყველასთან შეთანხმებული და ხალხისთვის გამჭვირვალე, მაშინ ის მიეწოდება რუსეთის წარმომადგენლებს.

ასე რომ, მეორე სამშვიდობო სამიტზე ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ომის რეალური დასასრული. ახლა ჩვენ ვიწყებთ ამ გზას. ჩვენ ერთად უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთიანი სამყარო არის მშვიდობის სამყარო, სამყარო, რომელმაც იცის როგორ იმოქმედოს სწორად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამიტზე შეიკრიბნენ წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, ყველა კონტინენტიდან.

"ჩვენ შევძელით თავიდან აგვეცილებინა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, კერძოდ, მსოფლიოს დაყოფა დაპირისპირებულ ბლოკებად... 101 მონაწილე და არავის აქვს პრივილეგია გადაწყვიტოს სხვისთვის. ეს არის ნამდვილი მრავალპოლარულობა, დედამიწის ყოველი პოლიტიკური პოლუსია წარმოდგენილია და აქვს საკუთარი გავლენა გლობალურად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ გაიხსენა, რომ მშვიდობის ფორმულა, რომელიც გახდა სამშვიდობო სამიტის საფუძველი, ეფუძნება გაეროს წესდების დებულებებს.

"ჩვენი ერთიანობა აქ ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართლის იდეა ისევ სიცოცხლისუნარიანი და ეფექტიანია. თქვენი აქ ყოფნა ადასტურებს, რომ გაეროს წესდება და ძირითადი კონვენციები არ არის ფორმალობა, არამედ ხალხთა შორის თანაარსებობის რეალური საფუძველი. არავის ჰქონია უფლება, მეზობლის წინააღმდეგ აგრესიული ომი ეწარმოებინა და გაეროს წესდების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპისთვის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირი გამოეთხარა. არავის ჰქონდა უფლება, დამუქრებოდა მსოფლიოს ბირთვული იარაღით. არავის ჰქონდა უფლება, სხვა ერის შვილები გაეტაცებინა. არავის ჰქონდა უფლება, ძირი გამოეთხარა მშვიდობისთვის. ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ასეთი პრინციპების ეფექტიანობა. ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი პრინციპები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი დღეს სამიტზე, მაგრამ იზიარებენ გაეროს წესდების ღირებულებებს, შეძლებენ შეუერთდნენ მშვიდობის ფორმულაზე მუშაობას შემდგომ ეტაპებზე და შესთავაზონ ომის დასრულების წინადადებები.