რუსეთმა შესაძლოა, დღეს ღამით უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განახორციელოს. ყველა უკრაინელმა საჰაერო თავდასხმის სირენებზე რეაგირება უნდა მოახდინოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ, მასიური დარტყმები, ასობით დრონი, სხვადასხვა ტიპის ათობით რაკეტა. დღეს ძალიან უსიამოვნო ინფორმაცია გვაქვს კიდევ ერთი ასეთი მასიური რუსული დარტყმის მომზადების შესახებ. არსებობს სადაზვერვო მონაცემები“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ის და მისი გუნდი დაუყოვნებლივ დაბრუნდებიან უკრაინაში და მოუწოდა ყველა მოქალაქეს, გაითვალისწინონ საჰაერო თავდასხმის სირენები და თავშესაფარი გამოიყენონ.

"ჩვენ ვიცით, რომ პუტინი უკვე გარკვეული ხანია, ამზადებს ამ მასშტაბურ თავდასხმას უკრაინაზე. რუსეთის ლიდერი კატეგორიულად უარს ამბობს ომის დასრულებაზე.

„რა თქმა უნდა, დღეს და მომდევნო დღეებში ჩვენი საჰაერო თავდაცვისა და სხვა ძალები ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ. მე უკვე მივეცი შესაბამისი მითითებები სამხედროებს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სპეცსამსახურებს და სადაზვერვო სააგენტოებს, მაგრამ ყველამ უნდა გაიგოს, ვისთან გვაქვს საქმე და ის ვერაგობა, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ამ ომს აგრძელებს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა აგრესორი ქვეყნის ისეთ სიტუაციაში ჩაყენების აუცილებლობა, სადაც მშვიდობის გარდა სხვა ალტერნატივა არ იარსებებს.

რუსეთის ძალებმა დღეს ოდესის რეგიონზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაიჭრა.

ასევე, დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე მართვადი ბომბებით თავდასხმების სერია განახორციელეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაშავდა. ნოვობავარის რაიონში ორი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა, მათ შორის 15 წლის მოზარდის.

გარდა ამისა, ხერსონში რუსული დრონის მიკროავტობუსზე თავდასხმის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის ორი თანამშრომელი კი დაიჭრა.