რუსეთი განიხილავს უკრაინასთან ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, დრონებით და რაკეტებით იერიშების შეწყვეტას, როგორც "ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას“, თუმცა ომს არ შეწყვეტს, – ამის შესახებ Bloomberg წერს.

როგორც გამოცემა რუს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამ ნაბიჯის მიზანია, რუსეთმა შეამსუბუქოს ზეწოლა აშშ-ის შესაძლო სანქციებისგან, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ვადის, 8 აგვისტოს შემდეგ არის მოსალოდნელი.

ამასთან, Bloomberg-ის წყაროს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ არ თანხმდება სრულ ცეცხლის შეწყვეტას.

დონალდ ტრამპი 8 აგვისტოდან მაღალი ტარიფების დაწესებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობსა და სხვა საქონელს ყიდულობენ, რათა პუტინზე ომის დასრულების მიზნით ზეწოლა გაზარდონ. ასეთი ქვეყნების სიაში შეიძლება შედიოდეს ჩინეთი და ინდოეთი.

აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ მოსკოვის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს.