რუსეთის არმიის შეტევითი ოპერაციები კრემლს ფრონტის ხაზზე სულ უფრო და უფრო ნაკლებ გამარჯვებას მოუტანს, მაშინ როცა უკრაინის თავდაცვითი ტაქტიკა ომის დასასრულებლად აუცილებელ პირობებს ქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვენსის თქმით, რუსული არმია ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც შეტევითი ოპერაციების ეფექტურობა სწრაფად იკლებს.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის მიერ ტერიტორიების დაკავების ტემპი და ეფექტურობა იმდენად შემცირდა, რომ ახალი შეტევებით მისაღები პოტენციური სარგებელი მინიმალურია და პრაქტიკულად ნულს უთანაბრდება.

"რუსები ახლა ისეთ სიტუაციაში არიან, როდესაც ის, რისი მიღწევაც მათ ხანგრძლივი შეტევითი ოპერაციებით შეუძლიათ, უმნიშვნელოდ მცირეა და ნულს უახლოვდება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ყოველი მეტრის დასაკავებლად უზარმაზარ ფასს იხდის.

"ამან შეიძლება შექმნას სივრცე, რომელიც გვჭირდება ომის დასასრულებლად“, - აღნიშნა მან.

ვენსის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიევს ურჩევს, ვაშინგტონის მოლაპარაკებების დროს თავდაცვითი ტაქტიკა გამოიყენოს.

"ეს მიდგომა გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა, რადგან თავდაცვა შეტევაზე ადვილია“, - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, როცა რუსეთ-უკრაინის ომს სწავლობდა, მისთვის აშკარა იყო, რომ დრონების გავრცელებისა და სათვალთვალო ტექნოლოგიების გავრცელების გათვალისწინებით, უკრაინისთვის უფრო მიზანშეწონილი იყო პოზიციების გამყარება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების დაწყება ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.