რუსეთს ოდესაზე კონტროლის დამყარება სურს. ამის შემდეგ, მტერი რუმინეთისა და მოლდოვას საზღვრამდე მიღწევას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში მიმდინარე უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე განაცხადა. 

მისი თქმით, ოდესა რუსეთის სამიზნეა.

"რუსეთს მისი განადგურება სურს, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უამრავი ქალაქისა და სოფლის შემთხვევაში. რუსეთის სამხედრო გეგმები ამ რეგიონზე - ოდესაზე და შემდეგ მოლდოვასა და რუმინეთის საზღვარზე მიუთითებს“, - განაცხადა მან.

ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ოდესის რეგიონი რუსეთის "ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა“ ქაოსის პროვოცირებისთვის.

"ეს ადრეც ვნახეთ ბალკანეთში, სადაც რუსეთმა გაამწვავა ეთნიკური დაძაბულობა, განახორციელა დივერსიები და გადატრიალებებიც კი სცადა“, - აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუმინეთში საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობები უკვე იყო, რაშიც რუსეთი იყო ჩართული.

ზელენსკიმ არ დააკონკრეტა, რაზე საუბრობდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ადრე რუმინელმა პოლიტიკოსმა დიანა იოვანოვიჩი-შოშოაკემ ვლადიმერ პუტინს წერილები მისწერა ჩრდილოეთ ბუკოვინას (ჩერნოვცის ოლქის ნაწილი) და სამხრეთ ბესარაბიას (ოდესის ოლქის ნაწილი) "რუმინეთში დაბრუნების" აუცილებლობის შესახებ.