ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ - გამოვდივართ სახლებიდან, გამოვდივართ ბარებიდან, უნდა გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და თსუსთან უნდა მოვიდეთ. დღეს თსუ არის პროტესტის ადგილი, - ამის შესახებ თსუს წინ შეკრებილმა სტუდენტებმა განაცხადეს.

მათი განცხადებით, თუ დაბრუნდება პროტესტის ის მუხტი, რაც ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე იყო, გამარჯვება მალე დადგება.

"მოგესალმებით, მეგობრებო. მოდი, ხმაური და კიჟინა შევქმნათ. ეს არის თავისუფალი ქართველი მოქალაქეების ხმა, ეს არის თავისუფალი მოქალაქეების ხმა, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, ვინც იბრძვის "ქართული ოცნების" წინააღმდეგ.

ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში უამრავი უსამართლობა გადავიტანეთ და დღეს "ქართულმა ოცნებამ" მათე დევიძე, ახალგაზრდა სტუდენტი, რომელსაც უყვარს საქართველო და ამისთვის იბრძვის, დააპატიმრა და მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე. პირველ რიგში, ეს იყო მთავარი მუხტი, რის გამოც, ჩვენ გამოვედით სასამართლოს ეზოდან, სადაც თავის დროზე პოლიციელებმა მათე დევიძე დააკავეს.

მათე დევიძე არის ქართველი ახალგაზრდების სახე, ქართველი მოქალაქეების სახე და "ქართული ოცნება" ქართველ ახალგაზრდებს ასე ებრძვის და უსამართლოდ უშვებთ ციხეში. ასე რომ, ჩვენ რეჟიმის ყველა ტყვეს უნდა დავპირდეთ, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, რეჟიმის ტყვეები არიან ჩვენს იმედად, ჩვენი იმედით ცოცხლობენ და ამიტომ, უნდა დავუმტკიცოთ მათ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მათი და საქართველოს გათავისუფლებისთვის.

მეგობრებო, ყველას მოგიწოდებთ, პროტესტის მხარდამჭერებს, ვინც სამართლიანობისთვის იბრძოდა ამდენი ხანი საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, უკეთესი მომავლისთვის - გამოდით კიდევ ერთხელ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას" ძალა, უნდა ვაჩვენოთ ერთმანეთს ერთიანობა, დაუღალავი შრომა და ამ შრომის შედეგი აუცილებლად იქნება გამარჯვება.
  
ყველა მოქალაქეს მოგიწოდებთ - გამოვდივართ სახლებიდან, გამოვდივართ ბარებიდან, უნდა გადავდოთ ყველაფერი გვერდზე და თსუსთან უნდა მოვიდეთ. დღეს თსუ არის პროტესტის ადგილი. ყველას გელოდებით აქ. მხოლოდ მაშინ მივაღწევთ გამარჯვებას, თუ ვიქნებით ძალიან ბევრი, თუ დავიბრუნებთ იმ მუხტს, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა.

მოგიწოდებთ ყველას გამოსვლისკენ. დაურეკეთ თქვენს მეგობრებს, ახლობლებს, უნდა ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, საქართველოს უკეთესი მომავლისა და მათე დევიძისთვის. ბოლომდე! ბოლომდე!", - განაცხადეს სტუდენტებმა. 

თსუს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  მოქალაქეები მათე დევიძის მხარდასაჭერად არიან გამოსულები. მათ ადგილზე კარავი გაშალეს და განაცხადეს, რომ 24-საათიანი პროტესტი დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოცხადებას მათე დევიძე არ დასწრებია.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დააკავეს.