რუსეთის ეკონომიკური პრობლემები და ომის მიმდინარეობა კრემლზე ზეწოლას ზრდის. ვარშავა ეჭვობს, რომ ამან შეიძლება რუსეთის ხელმძღვანელობას სარისკო ქმედებებისკენ უბიძგოს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ისაუბრა.

სიკორსკის თქმით, რუსეთის ეკონომიკა უკვე იწყებს ომის შედეგების შეგრძნებას და ხელისუფლებას სულ უფრო უჭირს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ნარატივის შენარჩუნება.

"რუსეთის ეკონომიკა უკვე განიცდის ზარალს. რუსებს აღარ შეუძლიათ თავი მოაჩვენონ, თითქოს ეს რაღაც გარე, სპეციალური სამხედრო ოპერაციაა", - განაცხადა სიკორსკიმ. 

მინისტრის თქმით, პუტინის შესაძლებლობები იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ყველას ეგონა, თუმცა მისი განზრახვები კიდევ უფრო უარესია.

"ის აშკარად არასწორად არის ინფორმირებული. მას აშკარად არ აქვს რეალისტური წარმოდგენა საკუთარ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შეთანხმებაზე წავიდოდა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი აზრით, ყველაზე "სასოწარკვეთილმა“ სიტუაციამ შეიძლება პუტინს "რაღაც სარისკო ნაბიჯის გადადგმისკენ“ უბიძგოს.

"ავადმყოფი ადამიანი იარაღით მაინც შეიარაღებული ადამიანია. სწორედ ამიტომ ვხარჯავთ ამდენ ფულს თავდაცვაზე, რათა პუტინი დავარწმუნოთ, რომ პოლონეთთან ნებისმიერი კონფლიქტი მას კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე მისი დანაშაულებრივი ომი უკრაინასთან“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.