უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შეხვდა და უკრაინული დრონების დასაცავად ახალი ტექნოლოგიების მიწოდებაზე შეთანხმდა.

ზელენსკი პირველი საერთაშორისო ლიდერია, რომელსაც ენდი ბერნემი პრემიერის რანგში შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის ბერნემს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე, სამეფო საზღვაო ძალების ავიამზიდ HMS Queen Elizabeth-ზე შეხვდა.

შეხვედრის დროს ლიდერებმა უკრაინის თავდაცვის საკითხები განიხილეს. ზელენსკის თქმით, ერთობლივი თავდაცვის წარმოების განვითარება ცალკე განხილვის თემა იყო.

"მადლობელი ვარ დიდი ბრიტანეთის დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, უკრაინისთვის ელექტრონული ომის ტექნოლოგიების მიწოდება უკრაინული დრონების დასაცავად. ეს ნამდვილად გამოგვადგება ბრძოლის ველზე. ერთად ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მეტის მიღწევა დრონების და სხვა ტექნოლოგიების სფეროში.

ჩვენი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსთან კიდევ უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე. მადლობას ვუხდი ენდის მისი ერთგულებისთვის ამ პარტნიორობის მიმართ და თავდაცვისა და ჩვენი უსაფრთხოების მიმართ ასეთი ყურადღებისთვის. თავდაცვა და უსაფრთხოება მხოლოდ სიტყვები არაა. როდესაც ქვეყანა ინვესტიციას ახორციელებს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, პორტსმუთის მსგავსი ქალაქების ადგილობრივი საზოგადოებები, პორტები და გემსაშენები სულ უფრო ძლიერდება და მნიშვნელოვანი ხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ენდი ბერნემმა უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

"ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ 100 პროცენტით. პირადად მე თქვენს გვერდით ვარ, ბატონო პრეზიდენტო და სრულად დავიცავ თითოეულ ვალდებულებას, რომელიც ამ ქვეყანამ უკრაინის მიმართ აიღო. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას ბრძოლაში, რომ დაიცვათ თქვენი ერი. ჩვენ უკრაინული დრონების დასაცავად უზრუნველგყოფთ ახალი, ბრიტანული ჩამხშობი ტექნოლოგიით. ეს დაეხმარება მათ სამიზნეებზე დარტყმების მიყენებაში და უკრაინელების სიცოცხლის გადარჩენაში. ჩვენ მხარს დაგიჭერთ სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაში. უკრაინამ უკვე შეცვალა ამ ომის მსვლელობა. თქვენ სასარგებლოდ ატრიალებთ ვითარებას, რუსეთთან მიმართებაში. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და მოლაპარაკებების განახლებისთვის, სადაც მაგიდასთან წარმოდგენილი უნდა იყოს უკრაინა და ევროპას უნდა ჰქონდეს ძლიერი ხმა. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ბერნემმა.