ეს არის ივანიშვილის მცდელობა, გაასწროს გეოპოლიტიკას. ის გეოპოლიტიკური ამბები, რაც ივანიშვილის გარშემო ხდება, ნამდვილად არ არის სახარბიელო მისთვის და ამიტომ, ის ცდილობს, ფაქტობრივად, მოსპოს ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგობა, - ამის შესახებ საერთაშორისო საკითხების ექსპერტმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, რომ მის გარშემო სახარბიელო მდგომარეობა არაა და ნებისმიერ წუთს შეიძლება დამძიმდეს.

"თუ საქართველოს გეოგრაფიას, ისტორიას და მდგომარეობას შევხედავთ, საქართველოს თავისუფალი ცურვის დიდი სივრცე არ აქვს, მან მხარე უნდა აირჩიოს, ან უნდა იყოს დემოკრატიული და დასავლური ტიპის სახელმწიფო და ამ სივრცისკენ ბუნებრივად იმოძრაოს, ან მეორე მხარეს - რუსულ-ბელორუსული ტიპისა და ჩეჩნური ელემენტების ტიპის სახელმწიფო ააშენოს. ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის რუსული ტიპის სახელმწიფო ჩეჩნური ელემენტებით იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველოს საკანონმდებლო ბაზას თუ ავიღებთ და შევადარებთ რუსეთს, ან ბელარუსს, დავინახავთ, რომ ჩვენ უკვე იქ ვართ. ეს ყველაფერი მშვიდად ვერ აღსრულდება, ვერც კანონი, ვერც პოლიცია ვერ მოერევა და ამიტომ, ამას სჭირდება რაღაც ტიპის ბანდები, რომელსაც პასუხისმგებლობა არ ექნება.

რაც შეეხება იმას, თუ რაში სჭირდებათ - მე მაინც მგონია, რომ ეს არის ივანიშვილის მცდელობა, გაასწროს გეოპოლიტიკას. ის გეოპოლიტიკური ამბები, რაც ივანიშვილის გარშემო ხდება, ნამდვილად არ არის სახარბიელო მისთვის და ამიტომ, ის ცდილობს, ფაქტობრივად, მოსპოს ნებისმიერი ტიპის წინააღმდეგობა, რომელიც შეიძლება არსებობდეს მისი რეჟიმის წინააღმდეგ. სწორედ ამას ემსახურება ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვა, რომელიც დააანონსეს, ამას ემსახურება პოლიტიკური ლიდერების ციხეში ჩასმა და ასევე, ამას ემსახურება ადამიანების დაკავება სხვადასხვა უაზრო მიზეზით, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ არ არის ეს საკმარისი და ეშინია, გრძნობს, რომ ბევრი დრო არ აქვს და შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაუდგეს ივანიშვილს კრიზისი", - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით“, ახალი მოძრაობა დააფუძნა.