აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა შესაძლებელია, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა იმის შესახებ, კვლავ სჯერა თუ არა ტრამპს, რომ შეუძლია ზელენსკის და პუტინს შორის მოლაპარაკებების ორგანიზება.

"ვფიქრობ, ის მიიჩნევს, რომ ეს შესაძლებელია. და ის, რა თქმა უნდა, სიამოვნებით იხილავდა ასეთ შეხვედრას“, - აღნიშნა პრესმდივანმა.

მისივე თქმით, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მუშავდება გეგმები რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებს შორის შეხვედრისთვის. აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს. მოსალოდნელია ტრამპსა და პუტინს შორის ახალი შეხვედრა.

"არ მგონია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ამის კარი მთლიანად დახურა“, - განაცხადა ლევიტმა.

დღეს, 16 ოქტომბერს, ტრამპსა და პუტინს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის შემდეგ, ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ დათანხმდა პუტინთან ბუდაპეშტში შეხვედრას. აშშ-სა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის მოსამზადებელი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.