ჩვენი მიზანი არის ბრძოლა. მე ამ ბრძოლაში არ ვფიქრობ, რას იზამს რუსული ოცნება, არ მადარდებს, ვერ გვაშინებენ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებას 13 წელია აანონსებს.

"13 წელია, ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება, რომ უნდა გაგვანადგუროს, გაგვაუქმოს. ჩვენი ლიდერების უმეტესობა ციხეშია. ასევე, ყველას გვახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ კოლექტიურად "ნაციონალურ მოძრაობას" აკრძალავს. ეს ძალიან ღიად თქვა.

მე იმასაც ვიტყვი, რომ არა მხოლოდ პარტიას, ჩვენს ოჯახის წევრებსაც კრძალავენ იმიტომ, რომ პარტიასთან დაკავშირებით ადამიანებსაც იხსენიებენ და ადამიანი შეიძლება აკრძალონ, რომელსაც უბრალოდ ხმა აქვს ჩვენთვის მოცემული. ჩვენი მიზანი კი არის ბრძოლა.

მე ამ ბრძოლაში არ ვფიქრობ, რას იზამს რუსული ოცნება, არ მადარდებს, ვერ გვაშინებენ, დღეს ციხეში ჯდომა კი არა, გარეთ ყოფნა უფრო უხერხულია, ისეთი ხალხი ზის ციხეში. არ მაინტერესებს ამ მიმართულებით რას იზამენ, დამიბარებენ, არ დამიბარებენ, დამაკავებენ - არ დამაკავებენ, დღესაც ვიტყვი იმავეს -  ნებისმიერი ადამიანი, ვინც დააანონსებს რევოლუციურ ცვლილებებს, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ, მე ვიქნები ბოლომდე ჩართული, ორგანიზატორიც ვიქნები, რომ ესენი მოვიშოროთ. ბევრი ხალხი და ბრძოლა არის ის, რაც რუსულ საოკუპაციო რეჟიმს დაასრულებს", - განაცხადა ანა წითლიძემ.