ჩვენ რომ საკონსტიტუციო სასამართლო გვქონდეს, სასამართლო სისტემა რომ გვქონდეს, ასეთი აბსურდული წესის მიღებას ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვართ, - ამის შესახებ "ღია საზოგადოება საქართველოს" წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ერთადერთი გამოსავალი პროტესტია.

"რაც ვენეციის კომისიამ გვითხრა, რასაც ჩვენ ამ ე.წ. კანონებით ვარღვევთ არის ანაბანა და ფუნდამენტი ევროსაბჭოს წევრობის, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ანაბანაა ეს ყველაფერი და ბუნებრივია, თუკი საქართველოს აქვს პრეტენზია, რომ ის დემოკრატიაა, ასეთი რამ იქ არ უნდა იყოს. 

ვენეციის კომისიის დასკვნების უგულებელყოფით მარტივ რამეს ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვართ ავტორიტარული სახელმწიფო, არ გვაინტერესებს დემოკრატიული პრინციპები, არ გვაინტერესებს ასევე ადამიანის უფლებები. 

ეს კანონები, ისევე როგორც სხვა, წელს მიღებული რეგულაციები სრულიად შეუთავსებელია დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. ჩვენ რომ საკონსტიტუციო სასამართლო გვქონდეს, სასამართლო სისტემა რომ გვქონდეს, ასეთი აბსურდული წესის მიღებას ვერავინ ვერ უნდა ბედავდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვართ - ავტოკრატიაში ვცხოვრობთ და ასეთი კანონები არის ყოველდღიურობა უკვე. ახლა ერთადერთი, რაც ჩვენ დაგვრჩენია არის პროტესტი, რომ გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი.

დღეს ვარშავაში ეუთოს ორკვირიანი ღონისძიება მიმდინარეობს ადამიანის უფლებების თაობაზე და გერმანიის ელჩმა ევროკავშირისა და პლუს 9 დამატებითი სახელმწიფოს სახელით განაცხადა, რომ ეუთოს ქვეყნებში გამოწვევებია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების კუთხით. გამოყო რამდენიმე შემთხვევა - რუსეთის, ბელორუსის, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველო, სადაც აღინიშნა, რომ მანიფესტანტების კონფრონტაციის მიზნით არაერთი ავტორიტარული წესი და კანონი მიიღეს, რაც საჭიროებს გაუქმებას", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.