უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ დიპლომატიური მხარდაჭერა, არამედ საკმარისი იარაღი რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.

"ჩვენ თავს ვიცავთ არა რუსული სიტყვებისგან, არამედ რუსული თავდასხმებისგან, ამიტომ ჩვენ გვჭირდება საკმარისი იარაღი და არა მხარდაჭერა. პუტინთან ჩახუტება არ უშველის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ზოგიერთი მსოფლიო ლიდერი მრავალი წელია, ცდილობს საერთო ენის გამონახვას რუს დიქტატორთან, მაგრამ ამან მხოლოდ გააუარესა სიტუაცია.

"ზოგიერთი თქვენგანი მას 20 წელია, ეხუტება და ყველაფერი უარესდება. ის მხოლოდ ომებზე ფიქრობს და არ შეიცვლება. მხოლოდ ზეწოლას შეუძლია მისი შეზღუდვა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან დათმობებზე წასვლა მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა მთელი ევროპისთვის.

"ივლისში ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტიდან, ბევრი საუბარი დაიწყო უკან დახევის და გარკვეული "შეთანხმებების გაკეთების აუცილებლობაზე". ეს მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა მთელი ევროპისთვის.

უკრაინა მადლიერია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისთვის და ღია რჩება ნებისმიერი კონსტრუქციული იდეისთვის ჩვენი ქვეყნისთვის სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად.

მშვიდობა ჯილდოა მხოლოდ ძლიერებისთვის. შესაბამისად, ძლიერ ევროპას ალტერნატივა არ აქვს. ერთიანობა აუცილებელია სიძლიერისთვის",- განაცხადა ზელენსკიმ.