რუსული სამხედრო სამიზნეები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება უკრაინელი სამხედროებისთვის. რუსეთის ფედერაციისთვის სულ უფრო რთული ხდება საწარმოების დამალვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"რუსული სამხედრო ობიექტები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი ჯარისკაცებისთვის. რუსული სამხედრო საწყობები, აეროდრომები და მათი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოები ვერ დაიმალება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ბოლო დროს უკრაინა სულ უფრო და უფრო ხშირად ურტყამს რუსეთს. დღეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქში საბრძოლო მასალის საცავებს დაარტყეს.

გარდა ამისა, დილით მოსკოვის რეგიონში უცნობი დრონები დააფიქსირეს. მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვამ სავარაუდოდ, 32 დრონი ჩამოაგდო. თავდასხმამ მოსკოვის რეგიონში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია.

მოსკოვის აეროპორტები ვნუკოვო და დომოდედოვო დრონების გამო დაიხურა.