რუსულმა ჯარებმა შესაძლოა, მალე დაიწყონ სახმელეთო შეტევები ზაპოროჟიეს რეგიონის სამხრეთით. ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში, - ამის შესახებ სამხრეთ თავდაცვის ძალების სპიკერმა ვლადისლავ ვოლოშინმა განაცხადა.

ვოლოშინის თქმით, თავდასხმებმა შეიძლება შექმნას ახალი ზეწოლის წერტილი უკრაინელი სამხედროებისთვის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იქნება ეს რუსების ერთი ფართომასშტაბიანი შეტევა თუ ცალკეული თავდასხმები.

"თავდასხმები შეიძლება დაიწყოს უახლოეს მომავალში, ჩვენ არც კი ვსაუბრობთ კვირებზე, ჩვენ ველოდებით, რომ ეს მოხდება ნებისმიერ დღეს", - განაცხადა სპიკერმა.

მისივე თქმით, ამ მხარეში რუსი ჯარისკაცების რაოდენობა ბევრად აღემატება უკრაინელ დამცველებს.

ოქტომბერში მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები შესაძლოა, ზაპოროჟიეს კონტროლის დასამყარებლად ფართომასშტაბიან შეტევას გეგმავენ.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა კონტროლი დაამყარეს ზაპოროჟიეს რაიონის სოფელ ლევადნოეზე. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით მტრის წინსვლა დაადასტურა.