უკრაინამ უკვე გააფორმა 10-წლიანი ხელშეკრულებები დრონების მიწოდების შესახებ ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან: საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და კატართან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინულ პროდუქციაზე მოთხოვნები უკვე 11 ქვეყნიდან არის მიღებული — არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთიდან, არამედ კავკასიიდანაც. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთო ჯამში, უკრაინული იარაღის გარკვეული სახეობების ექსპორტისთვის სულ მცირე 10 სხვადასხვა შეთანხმებაა დაგეგმილი.

"იგეგმება ერთობლივი წარმოება - ჩვენი საწარმოო ხაზების მშენებლობა როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში. ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც ჩვენ ერთობლივად ვავითარებთ ამა თუ იმ ქვეყანასთან, რომელშიც ისინი ინვესტირებას ახორციელებენ. და არსებობს შეთანხმება შესაბამისი ოდენობის წლიური დაფინანსებისა და წლების ფიქსირებული რაოდენობის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, "დრონების შესახებ შეთანხმების" ნაწილია ასევე Magura V.5 და Sea Baby საზღვაო დრონები და ამიტომ, პოტენციურად მათი ნახვა, მაგალითად, ჰორმუზის სრუტეშიც შეიძლება.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია ამ სატრანსპორტო არტერიის განბლოკვაში დახმარება.