უკრაინის პოზიციები ფრონტზე ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა და წლის დასაწყისიდან თავდაცვის ძალებმა დაახლოებით 590 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის განთავისუფლება მოახერხეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის პოზიცია ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე წინა წლებში.

მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს მაჩვენებლების გაზრდას, მათ შორის მტრის პირადი შემადგენლობის განადგურების კუთხით.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო შედეგებისა და სხვადასხვა ფორმატის სანქციების კომბინაცია თანდათანობით აიძულებს რუსეთს არჩევანის გაკეთებას ომის გაგრძელებასა და დიპლომატიურ პროცესს შორის.

მისივე თქმით, უკრაინა და მისი პარტნიორები ამჟამად დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებაზე არიან ორიენტირებული.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური გეგმების შესახებ.

მისი თქმით, ეს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარეს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული მხარისგან მოსალოდნელია უკუკავშირი მომავალი მოლაპარაკებების შესაძლო ფორმატებსა და გრაფიკებთან დაკავშირებით.

უკრაინა, როგორც ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, აგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას რუსეთის ტერიტორიაზე, პირველ რიგში, ნავთობგადასამუშავებელი ობიექტების მხრივ.