6 სექტემბერს კიევში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა, რომლის დროსაც ომის დასრულება, ზამთრისთვის მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენლებთან სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დღის განმავლობაში მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა. მან უიტკოფს და კუშნერს კიევში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის წარმომადგენლები. ზელენსკიმ აღნიშნა მათი პარტნიორების შემდგომ პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა.

მან ასევე იხუმრა, რომ უკრაინელებისთვის ამერიკელის წარმომადგენლების დედაქალაქში ვიზიტი "უკეთესი“ იყო, ვიდრე Patriot-ის სისტემები.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის საკითხი უკრაინისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა საკმარისი ყურადღება დაუთმეს იმ გამოწვევებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მომდევნო თვეებში.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზამთარში საომარი მოქმედებების გაგრძელების შესაძლებლობა არსებობს.

"ჩვენ ძალიან ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან და ვიმედოვნებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას, თუ ომი გაგრძელდება ზამთარში, როგორც ახლა ჩანს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინული და ამერიკული გუნდები დადებითად აფასებენ შემდგომი მუშაობის შესაძლებლობებს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ ომი გაგრძელდება, უკრაინა პარტნიორებისგან ზამთრისთვის დახმარების პაკეტს ელის, ეს, პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერას ეხება. 

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინის, აშშ-სა და ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობით მალე ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინული, ევროპული და ამერიკული მხარეები მალე შეხვდებიან ერთმანეთს. არ ვიცი, სად გაიმართება შეხვედრა – ევროპაში, შეერთებულ შტატებში, ან იქნებ ისევ უკრაინაში, რადგან როგორც გავიგე, სტივ უიტკოფს მოეწონა ჩვენი მატარებელი. ასე რომ, შეხვედრა შესაძლოა, ისევ უკრაინაში იყოს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ შემთხვევაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მოლაპარაკებების დროს მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის მომავალი ომის შემდეგ.

"ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტიებზე, არამედ უკრაინისთვის, მისი აღდგენისა და აღმშენებლობისთვის ეკონომიკურ გარანტიებზეც“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პარტნიორები ასევე ხვდებიან იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც უკრაინა ომის შემდეგ აღმოჩნდება და უკვე განიხილავენ მათ.