აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟენევაში აშშ-სა და უკრაინელ ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრის დროს უკრაინის მთავრობა თითქოსდა "უმადურობის“ გამო გააკრიტიკა. მან კვლავ დაიჩივლა, რომ თითქოს, მან "ომი მემკვიდრეობით მიიღო“ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტისგან ჯოზეფ ბაიდენისგან.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არის ძალადობრივი და საშინელი, რომელიც ძლიერი, სწორი ამერიკული და უკრაინული ლიდერობით არასოდეს მოხდებოდა.

"ის დაიწყო ბევრად ადრე, ვიდრე მე მეორე ვადით თანამდებობას დავიკავებდი, მძინარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და მხოლოდ გაუარესდა. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ყალბი და მოპარული თუ არ იქნებოდა, ერთადერთი, რაც რადიკალურ მემარცხენე დემოკრატებს კარგად გამოსდით, არ იარსებებდა უკრაინა-რუსეთის ომი, როგორც არ არსებობდა, თუნდაც მინიშნებაც კი, ჩემი პირველი ვადით თანამდებობაზე ყოფნის დროს. პუტინი არასოდეს დაესხმებოდა თავს. მხოლოდ მაშინ, როცა მძინარე ჯო მოქმედებაში დაინახა, თქვა: „ახლა ჩემი შანსია“. დანარჩენი ისტორიაა და ასე გრძელდება.

მე მემკვიდრეობით მერგო ეს ომი, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, ომი, რომელიც წამგებიანია ყველასთვის, განსაკუთრებით იმ მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც ასე დაიღუპნენ. უკრაინის ხელისუფლებამ ნულოვანი მადლიერება გამოხატა ჩვენი ძალისხმევისთვის და ევროპა აგრძელებს რუსეთისგან ნავთობის ყიდვას. აშშ აგრძელებს იარაღის მასიური თანხებით მიყიდვას ნატოსთვის, უკრაინაში გასანაწილებლად (კორუმპირებულმა ჯომ ყველაფერი უფასოდ მისცა, მათ შორის „დიდი“ ფული)“, – წერს დონალდ ტრამპი.

სამშვიდობო გეგმის განხილვა ჟენევაში აშშ-ს, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს. მედიის ცნობით, თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება უშუალოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ტრამპს შორის შეხვედრაზე მოხდება.

ზელენსკიმ ჟენევაში გამართული საწყისი მოლაპარაკებების შემდეგ უკვე გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაში შესაძლოა, უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტები იყოს შეტანილი.