პარლამენტში რომ შევედი, მინდოდა, კულტურა შემეტანა, ახლა ვნანობ, ყოველ დღე რომ არ ვცემდი პაპუაშვილს და მდინარაძეს, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის მთავარია, მამამისი და თავისი შვილები ამაყობდნენ მისით.

"ეთერებში მოვისმინე რომ პოლიტიკოსისთვის შესაფერისი არ იყო ქმედებაო - გადაახვიონ და ნახონ, ხალხს რას უკეთებდნენ და მერე გამამტყუნონ მე.

ქვეყნის წინაშე მე პირნათელი ვარ, ჩემს სახლში ზოდები არ ამოუღიათ, არასოდეს ქვეყანა არ გამიძარცვავს.

ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ პარლამენტში რომ შევედი, მინდოდა, პოლიტიკური კულტურა შემეტანა და შეურაცხყოფის გარეშე მელაპარაკა პირველი სამი წელი, ახლა ვნანობ, ყოველ დღე რატომ არ ვცემდი პაპუაშვილს და მდინარაძეს. სხვათა შორის, ძალიან ყოჩაღები იყვნენ გახარიები, ძალიან ვაჟკაცები ქალიან-კაციანად. 

ჩემთვის მთავარია, მამაჩემი და ჩემი შვილები ამაყობდნენ ჩემით", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მოსამართლემ სასამართლო სხდომიდან დღესაც გააძევა და სხდომა დახურა.

ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.