ეს არ იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, ეს იყო „ქართული ოცნების“ დავალების შესრულება, როგორც თითქმის ყველა პროცესი, რაც ამ სასამართლოში იმართება, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის მეუღლემ ირინა კილოსანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ელისაშვილის მიმართ გამოტანილი 13-წლიანი პატიმრობის განაჩენი ჯერ კიდევ 8 თვის წინ იყო მიღებული, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ ელისაშვილს ტერორისტულ აქტში დასდო ბრალი.

"რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი გვქონდა. ალექსანდრეც იქიდან ადვოკატების მეშვეობით ამას გვითვლიდა, რომ "არ ინერვულოთ, განაჩენი იქნება ყველაზე მკაცრი". ვარაუდობდა, რომ 12-13 წელს მიუსჯიდნენ და ახდა მისი მოლოდინიც.

რა თქმა უნდა, ეს განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როდესაც პაპუაშვილმა პირველად გამოაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ეს განაჩენი მაშინ გადაწყდა და მაშინ მიუსაჯეს რეალურად და დანარჩენი, მთელი 8 თვის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ცირკს, რომელიც იმართებოდა აი, ამ შენობაში და მართავდნენ ამ შენობის თანამშრომლები. უბრალოდ, დღეს მათ, ფაქსით მოუვიდათ "ქართული ოცნებისგან", რომ ეს განაჩენი უნდა გამოაცხადოს გიორგი გელაშვილმა და მან "ქართული ოცნების" დავალება შეასრულა და განაჩენიც გამოაცხადა.

ე.ი. 11 სექტემბერიც ტერორიზმი იყო, ეს რაღაცა ორი ქილა ბენზინის მისხმა მეტლახის იატაკზეც ტერორიზმია. გვახსოვს, რომ 11 სექტემბერს ჯერ ნგრევა მოჰყვა, მერე 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ანუ ალექსანდრეს ქმედება ბენ ლადენის ქმედებას გაუთანაბრეს და რა ვიცი, სასაცილოა ეს ყველაფერი.

მთავარია, რომ ალექსანდრე არის ძალიან კარგად, ერთი წიგნი უკვე დაწერა. ახლა ამუშავებს მეორე წიგნის იდეას. მხნედ არის, ოპტიმისტურად", - აცხადებს ელისაშვილის მეუღლე. 

ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.