ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტი პრობლემები აქვს, ვიდრე ოპოზიციურ ლიდერებს შორის არსებული მცირე დაპირისპირებები, ამით მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს სარგებელს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არსებული კონფლიქტი უნდა ამოიწუროს.

"მე მგონია, რომ ეს კონფლიქტი უნდა ამოიწუროს, ყოველ შემთხვევაში ეს არის ჩემი მოსაზრება. ამის დრო და ადგილი არაა, საქმის გარჩევები მერეც იქნება, როდესაც ივანიშვილი აღარ იქნება და თუ ვინმეს ექნება ერთმანეთთან გასარკვევი, თავისუფლებაზე მაინც უნდა იყვნენ ეს ადამიანები და ჩვენ ვსაუბრობთ ორ პოლიტიკურ პატიმარზე - მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიაზე. მე პირადად აბსოლუტურად მოწადინებული ვარ და მიმაჩნია, რომ თანამშრომლობა ჩვენს პარტიებს შორის კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს, მათ შორის მთლიანად იმ ოპოზიციურ სივრცესთან.

მე აღარ ვაპირებ არცერთ შიდა დაპირისპირებაში, წაკინკლავებაში, ან პრეტენზიასთან მიმართებაში მონაწილეობას და განცხადებების კეთებას. ამის დრო არ არის, რისიც არ მჯერა, მე არ გავაკეთებ არასდროს.

რაც შეეხება ჩვენს პარტიას, ჩვენ მოწადინებული ვიყავით და ვართ ერთიანობაზე, ამისთვის მზად ვიყავით წინასაარჩევნოდაც, ნომრის დათმობისთვისაც მზად ვიყავით. მიმაჩნია, რომ ის კონფლიქტის მცირე კერა, რომელიც წარმოიშვა, ძალიან სწრაფად არის ჩასახური და აღარ არსებობს ეს მცირედი დაპირისპირება, რაც იყო. ამ ქვეყანას ბევრად უფრო მეტი პრობლემები აქვს, ვიდრე ოპოზიციურ ლიდერებს შორის არსებული მცირე დაპირისპირებები. ამით მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს სარგებელს", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ "ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული უწოდა და ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ იქნება“. საპასუხოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოსტში ნიკა მელია არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იგივე ეხება ნიკა გვარამიას.