მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. 

გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.

საქმე ეხება 30 მაისს სასამართლო პროცესზე მომხდარ ინციდენტს, როცა ნიკა მელიამ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს პროტესტის ნიშნად წყალი შეასხა.

როგორც ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი აცხადებს, "ოცნებამ" ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ აჩვენა, რომ მათ ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა არ სურთ.

"მოსალოდნელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილება. როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ნიკა უნდა დარჩეს ციხეში. ნიკა ამჟამად სასჯელს იხდის ე.წ. კომისიაზე არ გამოცხადების გამო. მას უნდა დაეტოვებინა სასჯელაღსრულების დაწესებულება იანვარში, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ დარჩეს საპატიმროში. თან მაქსიმალური მიუსაჯეს. 20 ივნისიდან დაიწყო ათვლა პატიმრობის. შევეცდებით გავასაჩივროთ სააპელაციოში", - განაცხადა ადვოკატმა. 

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.