საყოველთაოდ ცნობილი ამბავია ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რომ ამ რეჟიმს ჰყავს ასეულობით პოლიტიკური პატიმარი ციხეებში გამოკეტილი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ უკანონოდ დაკავებულებს შეწყალება შეეხებათ და გათავისუფლდებიან.

"საყოველთაოდ ცნობილი ამბავია ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რომ ამ რეჟიმს ჰყავს ასეულობით პოლიტიკური პატიმარი ციხეებში გამოკეტილი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ეს ადამიანები იქნებიან შეწყალებული, მაგრამ მთავარი კრიტერიუმი და მთავარი სტანდარტი, რომ საქართველო მოვიდეს ევროკავშირთან შესაბამისობაში, არის დემოკრატიული ღირებულებები, არჩევნების არგაყალბება, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, ადამიანის უფლებების დაცვა, რასაც ესენი არ გააკეთებენ და ეს ყველამ, როგორც ჩვენ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და პოლიტიკურმა ტყვეებმა იციან", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

გია გაჩეჩილაძემ საავტორო გადაცემაში ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა, აღნიშნულთან დაკავშირებით კი დაკავებულმა აქტივისტმა და მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ მას შეწყალება არ სურს და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტური განაჩენი აინტერესებს.