ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი, -  ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც არ სურს, რომ ნორმალურად გაგრძელდეს ქვეყნის განვითარების გზა.

"ჩემს საქმეში არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც მითითებულია სახელი, გვარი და მუხლი, მეტი არაფერი. მოსამართლემ სხდომის გახსნაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან ამ საქმეს შინაარსი არ აქვს. უბრალოდ, სურთ, რომ ადამიანები, ვინც საქართველოს განვითარებისთვის, ძლიერი ქვეყნისთვის, ერის კონსოლიდაციისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ამ ქვეყანაში კარგი ცხოვრებისთვის ვიბრძვით, გვაწვალონ და სასამართლო სხდომებზე გვატარონ. არაფერი გვიკვირს, რაც ხდება ამ ქვეყანაში.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელსაც არ სურს, რომ ჩვენ ნორმალურად გავაგრძელოთ განვითარების გზა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროცესი დასრულდა. გენერალურმა პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია საბოტაჟისა (318-ე მუხლის პირველი ნაწილით) და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების (319-ე) მუხლებით. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.