თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება. სამშენებლო არეალში 14 აპრილის 00:00 საათიდან, ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით, სრულად ორმხრივი გახდება.

რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება.