“როგორც ჩანს, ბრიტანეთს აქვს კონკრეტული ინფორმაციები თუ როგორი თაღლითური სქემებით ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში ახერხებენ კიდეც ქართველი ე.წ. ბიზნესმენები რუსეთში სხვადასხვა საქონლის მიწოდებას და დახმარებას, რომ რუსეთმა გვერდი აუაროს სანქციებს, რასაც აუცილებლად მოჰყვება ინდივიდუალური სანქციები, მაგრამ რაც ყველაზე ცუდია -  ამით დაზიანდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია”,  - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

“ჩვენ მთელი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც რუსეთის აგრესია დაიწყო უკრაინაში, “ნაციონალური მოძრაობა” ვამბობდით, რომ ივანიშვილმა და მის გარშემო არსებულმა ბიზნესებმა თუ ოჯახებმა დაალაგა სქემები რუსეთთან, რომ რუსეთმა სანქციებს გვერდი აუაროს, ამაზე ბენეფიტი სამხედრო თვალსაზრისით მიიღო რუსეთმა, ხოლო ფინანსური ბენეფიტი მიიღო ივანიშვილის კლანმა. ეს რომ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ყველას ძალიან კარგად გვესმის და მათ შორის არც დიდი ბრიტანეთის მხრიდან, რადგან როგორც ჩანს, მათ აქვთ კონკრეტული ინფორმაციები თუ როგორი თაღლითური სქემებით ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში ახერხებენ კიდეც ქართველი ე.წ. ბიზნესმენები რუსეთში სხვადასხვა საქონლის მიწოდებას და რა თქმა უნდა, ამას ექნება თავისი შედეგები, ამას მოჰყვება სანქციები, ეს იქნება ინდივიდუალური სანქციები, ვინც ჩართულია საქმეში, მაგრამ ამით დაზიანდება ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, ჩვენი ეკონომიკა, აღარ შემოვა ინვესტიციები, რადგან დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო გაღრმავდება საქართველოს მიმართ სანქციები”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.