აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბრაიან მასტი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს "ბუფერულ ზონად" არ განიხილავს.

"არ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, სადაც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს "ბუფერულ ზონად" განვიხილავთ, ისეთ სივრცედ, რომელსაც დავთმობთ ან შეველევით, არაფერი ამისმაგვარი [არ იქნება]", - განუცხადა "რესპუბლიკელმა" კონგრესმენმა ბრაიან მასტმა "რადიო თავისუფლებას" მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ავღანეთის ომის ვეტერანია, ამბობს, რომ სამყარო "ორ ბილიკად" დაიყო, სადაც ერთ მხარეს აშშ, ნატო, ევროკავშირი და ისრაელია, მეორე მხარეს კი - ჩინეთი და რუსეთი.

"სამყარო ორ ბილიკად დაიყო. ძალიან მალე მიხვდებიან, რომ ამერიკის, ნატოს, ევროკავშირისა და ისრაელის გზა ბევრად ძლიერია. რუსეთისა და ჩინეთის გზა? მალე აღარავის მოუნდება იმ ბილიკზე სიარული. ჩვენი გზა იქნება სწორი, ძლიერი – და ამას ყველა დაინახავს", - განაცხადა ბრაიან მასტმა.

მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციამ მუშაობა დღეს დაიწყო. კონფერენციის მთავარი თემა უკრაინაში ომის გარშემო მოლაპარაკებაა.